
ყურის ანთება პატარებში ძალიან გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით გაციებისა და გრიპის სეზონზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის (NHS) მონაცემებით, ყურის ინფექციების უმრავლესობა 3 დღეში თავისით გაივლის, თუმცა ზოგჯერ სიმპტომები შესაძლოა ერთ კვირამდეც გაგრძელდეს. ამ სტატიაში წაიკითხავ, როგორ ამოიცნო ყურის ანთება ბავშვთან, როგორ დაეხმარო ტკივილის დაამებაში და რა დროს უნდა დაუკავშირდე ექიმს.
სარჩევი
- სიმპტომები
- შუა და გარეთა ყურის ანთება
- რა ვქნათ სახლში
- რა არ უნდა გააკეთო
- დიაგნოზი და მკურნალობა
- პრევენცია
- როდის მივმართოთ ექიმს
სიმპტომები
ნიშნები, როგორც წესი, უცებ იჩენს თავს:
- ყურის ტკივილი;
- სიცხე;
- სმენის დაქვეითება;
- ყურიდან სითხის გამოდინება;
- ყურში დაგუბების ან დაწოლის შეგრძნება;
- ქავილი ყურის შიგნით და მის გარშემო.
ჩვილი და სულ პატარა ბავშვი ვერ გეტყვის, რა აწუხებს, მაგრამ შესაძლოა შენიშნო, რომ:
- ყურს იფშვნეტს ან ხელით ქაჩავს;
- ზოგიერთ ხმაურზე რეაქცია არ აქვს;
- გაღიზიანებული და მოუსვენარია;
- უარს ამბობს ჭამაზე;
- უჭირს წონასწორობის დაცვა.
შუა და გარეთა ყურის ანთება
- შუა ყურის ანთება (ოტიტი) ბავშვებში ყველაზე ხშირად გვხვდება. როგორც წესი, ის ვირუსული ინფექციების ფონზე ვითარდება, მაგალითად გაციების ან გრიპის შემდეგ;
- გარეთა ყურის ანთება სასმენი მილის გაღიზიანებით იწყება — მიზეზი შეიძლება იყოს წყლის ჩასვლა, ეგზემა, ან სოკოვანი თუ ბაქტერიული ინფექცია;
- შიდა ყურის ანთება უფრო იშვიათია და შეიძლება თავბრუსხვევაც გამოიწვიოს.
რა ვქნათ სახლში

- თუ ბავშვს ყური სტკივა ან სიცხე აქვს, მიეცი პარაცეტამოლი ან იბუპროფენი — აუცილებლად დაიცავი ინსტრუქცია და ასაკობრივი დოზირება (სიცხე ბავშვთან). 16 წლამდე ბავშვს ასპირინი არ დაალევინო;
- თუ ყურიდან სითხე გამოდის, ბამბით ფრთხილად მოწმინდე, ოღონდ მხოლოდ გარედან.
რა არ უნდა გააკეთო
- არაფერი შეყო ყურის არხში — არც ბამბის ჩხირი და არც თითი;
- ეცადე, ყურში წყალი ან შამპუნი არ ჩაუვიდეს. სანამ ანთება აქვს, ბავშვი საცურაოდ არ წაიყვანო;
- NHS-ის განმარტებით, ცხვირის სისხლძარღვების შემავიწროებელი წვეთები და ანტიჰისტამინური წამლები ყურის ანთებას ვერ შველის — მათი ეფექტიანობა დადასტურებული არ არის.
დიაგნოზი და მკურნალობა

ვიზიტისას ექიმი ბავშვს ყურს ოტოსკოპით დაუთვალიერებს. ეს არის პატარა ხელსაწყო, რომელსაც საკუთარი განათება და გამადიდებელი შუშა აქვს. მკურნალობის მეთოდი იმაზეა დამოკიდებული, თუ სად არის ანთება და რამ გამოიწვია ის. ექიმმა შეიძლება გამოწეროს ანტიბიოტიკი (დასალევი ან ყურში ჩასაწვეთებელი), სოკოს საწინააღმდეგო, სტეროიდული ან ტკივილგამაყუჩებელი წვეთები. გახსოვდეს, ანტიბიოტიკი პატარას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მისცე.
როგორ ჩავაწვეთოთ ყურის წვეთები
თუ ექიმმა ყურის წვეთები დანიშნა, NHS-ის მიხედვით ისინი მხოლოდ სწორად გამოყენებისას მოქმედებს:
- პირველ რიგში, ბამბით ფრთხილად მოაშორე გამონადენი ან გოგირდი, ოღონდ მხოლოდ გარედან;
- დააწვინე ბავშვი გვერდულად ისე, რომ მტკივანი ყური ზემოთ მოექცეს;
- ჩააწვეთე წამალი და ყურის ნიჟარა რბილად შეარხიე, რათა სითხე არხში კარგად ჩავიდეს;
- სთხოვე პატარას, 5 წუთი ასე გაჩერდეს, რომ წვეთები უკან არ გადმოიღვაროს. დრო მარტივად რომ გაიყვანოთ, შეგიძლია ამასობაში ზღაპარი წაუკითხო ან საყვარელი სიმღერა ჩაურთო.
„წებოვანი ყური“: როცა სითხე ყურში რჩება
ხანდახან შუა ყურში სითხე დგება და გროვდება, რასაც NHS „წებოვან ყურს“ (glue ear) ეძახის. ეს მდგომარეობა ბავშვებში გაცილებით ხშირია, ვიდრე ზრდასრულებში. მისი მთავარი სიმპტომი დროებითი სმენის დაქვეითებაა — ზოგჯერ ორივე ყურში ერთდროულად. ამას შესაძლოა თან ერთვოდეს ყურის ტკივილი, ხმაური ყურებში და წონასწორობის დარღვევა. უმეტესად ეს პრობლემა 3 თვეში თავისით გვარდება, მაგრამ თუ გაჭიანურდა, შეიძლება ბავშვის მეტყველების განვითარებასა და სკოლაში სწავლის პროცესს შეუშალოს ხელი.
NHS-ის რეკომენდაციით, აუცილებლად გაესაუბრე პედიატრს, თუ ამჩნევ, რომ ბავშვი:
- ჩვეულებრივზე ხმამაღლა ლაპარაკობს ან მისი ნათქვამის გარჩევა ჭირს;
- ხშირად გთხოვს ნათქვამის გამეორებას;
- ტელევიზორს ან მუსიკას ძალიან მაღალ ხმაზე რთავს;
- შორიდან ძნელად ესმის, ან საუბრისას ადვილად იფანტება;
- ჩანს დაღლილი და გაღიზიანებული, რადგან მოსმენისთვის ზედმეტი ძალისხმევა სჭირდება.
„წებოვანი ყურის“ სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ ექიმები თავიდან ძირითადად დაკვირვებას ამჯობინებენ. თუ სითხე 3 თვეზე მეტხანს დარჩა, შესაძლოა სმენის შემოწმება და სპეციალისტის ჩართვა გახდეს საჭირო.
თუ ექიმმა მკურნალობა საჭიროდ ჩათვალა, NHS-ის მიხედვით ძირითადი ვარიანტებია დროებითი სმენის აპარატი ან შუნტი (grommet). ეს პატარა მილაკია, რომელსაც ოპერაციის დროს ყურში ათავსებენ, რომ სითხე გამოვიდეს. ზოგჯერ ექიმი ცხვირიდან ბუშტის გაბერვას ურჩევს, თუმცა 3 წლამდე ბავშვებს ჩვეულებრივ არა.
ყურის ტკივილის სხვა მიზეზები
ყურის ტკივილი ყოველთვის ანთებით არ არის გამოწვეული. NHS-ის მონაცემებით, სხვა მიზეზები შეიძლება იყოს:
- ყურის ტკივილი და ყლაპვისას ტკივილი შეიძლება ყელის ტკივილი ან ტონზილიტი იყოს (ანგინა ბავშვებში);
- ყურისა და კბილის ტკივილი ერთდროულად — ჩვილებში ეს შეიძლება კბილების ამოჭრის პროცესს უკავშირდებოდეს (კბილების ამოსვლა);
- ყურის ტკივილი და სმენის გაუარესება — მიზეზი შესაძლოა იყოს დაგროვილი გოგირდის საცობი, ყურში მოხვედრილი უცხო სხეული ან დაფის აპკის დაზიანება. თუ ყურში რამეა გაჭედილი, შენით ამოღებას ნუ ეცდები, ბავშვი ექიმთან წაიყვანე;
- ყურის ტკივილი და სიცხე შეიძლება ყურის ანთება, გრიპი ან გაციება იყოს.
გაციების დროს პატარას ცხვირი სუფთად შეუნარჩუნე. როგორ ჩაატარო ეს პროცედურა უსაფრთხოდ, შეგიძლია აქ ნახო: ცხვირის გამორეცხვა ბავშვებში. ხოლო თუ ყურის წინ ან ქვედა მხარეს შეშუპებას შეამჩნევ, აუცილებლად აჩვენე ექიმს — ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ყბაყურაა.
პრევენცია

ყურის ანთებისგან ბავშვს ყოველთვის ვერ დაიცავ, თუმცა რისკების შესამცირებლად NHS გირჩევს:
- დროულად ჩაუტარო პატარას ყველა ასაკობრივი აცრა;
- მოარიდო ბავშვი თამბაქოს კვამლს;
- 6 თვის ასაკიდან ეცადო, ნელ-ნელა გადააჩვიო საწოვარას;
- ცურვის დროს გამოიყენოთ ყურსაცობები ან საცურაო ქუდი;
- დროულად უმკურნალოთ ეგზემას ან ალერგიას, რომელიც ყურის კანს აღიზიანებს (ატოპიური დერმატიტი).
ხშირად დასმული კითხვები
ყურის ანთება გადამდებია?
უშუალოდ ყურის ანთება სხვას არ გადაედება, თუმცა შუა ყურის ანთებას ხშირად ვირუსები (გაციება, გრიპი) იწვევს, რომლებიც გადამდებია. თუ ბავშვს სიცხე აქვს, ჯობია სახლში დატოვო, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობს.
აუცილებელია ანტიბიოტიკი?
ყოველთვის საჭირო არ არის. NHS-ის თანახმად, ყურის ინფექციების დიდი ნაწილი 3 დღეში წამლის გარეშეც გადის. საჭიროების შემთხვევაში, ანტიბიოტიკი აუცილებლად ექიმმა უნდა გამოწეროს.
შეიძლება ბანაობა?
ბანაობა სრულიად დასაშვებია, მთავარია ყურში წყალი და შამპუნი არ ჩაუვიდეს. აუზზე ან ზღვაში ცურვას კი სრულ გამოჯანმრთელებამდე მოერიდეთ.
როდის მივმართოთ ექიმს
დაუკავშირდი პედიატრს, თუ:
- ბავშვი 12 თვემდე ასაკისაა და ეჭვობ, რომ ყურის ანთება აქვს;
- ტკივილმა 3 დღის განმავლობაში არ იკლო;
- ყურის ანთება პატარას ხშირად უმეორდება.
დაუყოვნებლივ (იმავე დღეს) მიმართე ექიმს, თუ ყურის ანთების ნიშნებთან ერთად ბავშვს:
- საერთოდ ცუდად აქვს თავი;
- აქვს ძალიან მაღალი სიცხე, ან აციებს და კანკალებს;
- ყურის გარშემო შეშუპება შეენიშნება;
- ყურიდან სითხე სდის;
- სმენა შეეცვალა;
- აქვს ღებინება, თავბრუსხვევა ან ყელის ძლიერი ტკივილი;
- არის 12 თვეზე პატარა და ორივე ყური სტკივა.
თუ ბავშვი უჩვეულოდ მივარდნილია, გიჭირს მისი გაღვიძება ან სუნთქვა უძნელდება, სასწრაფოდ დარეკე 112-ზე.
გაფრთხილება: ეს სტატია ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს და ვერ ჩაანაცვლებს ექიმის კონსულტაციას. მკურნალობის მეთოდებზე, მედიკამენტებსა და დოზირებაზე ყოველთვის გაიარე კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკე 112-ზე.







