რამდენი უნდა ეძინოს ჩვილს? რატომ იღვიძებს ღამით? როგორ მოაწესრიგო ძილის რეჟიმი? ამ სტატიაში ნახავ ბავშვის ძილის ნორმებს ასაკის მიხედვით, ძილისწინა რიტუალის რჩევებს და ჩვილის უსაფრთხო ძილის წესებს. ინფორმაცია ეყრდნობა ამერიკის ძილის მედიცინის აკადემიის (AASM) კონსენსუსს, ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის (NHS) და ამერიკის პედიატრიის აკადემიის (AAP) მასალებს.
მნიშვნელოვანია: გაითვალისწინე, რომ სტატია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და ის პედიატრის კონსულტაციას ვერ ჩაანაცვლებს.
სარჩევი
- რამდენი უნდა ეძინოს ბავშვს: ცხრილი ასაკის მიხედვით
- ჩვილის ძილი პირველ წელს
- როგორ მოვაწესრიგოთ ძილის რეჟიმი
- უსაფრთხო ძილი ჩვილისთვის
- სკოლის ასაკი და მოზარდები
- როდის მივმართოთ ექიმს
- ხშირად დასმული კითხვები
რამდენი უნდა ეძინოს ბავშვს: ცხრილი ასაკის მიხედვით
AASM-ის 2016 წლის კონსენსუსის მიხედვით, რომლის შემუშავებაშიც AAP-ის წარმომადგენელიც მონაწილეობდა, დღე-ღამის (24 საათის) განმავლობაში ძილის ასეთი ხანგრძლივობაა რეკომენდებული:
| ასაკი | ძილი 24 საათში |
|---|---|
| 4–12 თვე | 12–16 საათი (დღის ძილის ჩათვლით) |
| 1–2 წელი | 11–14 საათი (დღის ძილის ჩათვლით) |
| 3–5 წელი | 10–13 საათი (დღის ძილის ჩათვლით) |
| 6–12 წელი | 9–12 საათი |
| 13–18 წელი | 8–10 საათი |
4 თვემდე ჩვილებისთვის AASM ნორმას არ აწესებს, რადგან ამ ასაკში ძილის ხანგრძლივობა და რეჟიმი ძალიან განსხვავდება ბავშვიდან ბავშვამდე. NHS-ის მიხედვით, ახალშობილები უმეტესად სძინავთ და დღეში დაახლოებით 18 საათამდე შეიძლება ეძინოთ.
რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები საშუალოა. NHS ხაზგასმით გვახსენებს, რომ თითოეულ ბავშვს თავისი საკუთარი რიტმი აქვს და ის, სავარაუდოდ, სხვა პატარების რეჟიმს ზუსტად არ დაემთხვევა.
ჩვილის ძილი პირველ წელს
ვნახოთ, როგორ იცვლება სურათი პირველი წლის განმავლობაში NHS-ის მიხედვით:
- ახალშობილი ღამით ხშირად იღვიძებს, რადგან კვება სჭირდება. გარდა ამისა, ძილი შეიძლება ზედმეტმა სითბომ ან სიცივემაც დაურღვიოს;
- 3–6 თვე: ღამის კვების საჭიროება ნელ-ნელა იკლებს. ზოგიერთ ჩვილს ღამით უკვე გადაბმულად 5–8 საათი ან მეტიც სძინავს, თუმცა ეს ყველა ბავშვს არ ეხება;
- 6–12 თვე: ზოგ პატარას ღამით ჭამა აღარ სჭირდება და ჯამში დაახლოებით 15 საათი სძინავს — ძირითადად, ღამის საათებში. თუმცა, კბილების ამოსვლამ ან შიმშილმა შეიძლება მაინც გააღვიძოს;
- 1 წლის შემდეგ: ბავშვს დღე-ღამეში ჯამში დაახლოებით 12–15 საათი სძინავს.
გახსოვდეს, რომ ზრდის ნახტომები, კბილების ამოსვლა და ავადმყოფობა ძილზე პირდაპირ აისახება. ამიტომ მზად იყავი, რომ პატარას ზრდასთან ერთად მისი რეჟიმიც გადააწყო. განვითარების ეტაპების შესახებ მეტის გასაგებად წაიკითხე ჩვენი სტატია: ბავშვის განვითარება თვეების მიხედვით.
როგორ მოვაწესრიგოთ ძილის რეჟიმი
ასწავლე, რით განსხვავდება დღე და ღამე
NHS გირჩევს, პატარას თავიდანვე აჩვენო განსხვავება დღესა და ღამეს შორის. დღისით გადასწიე ფარდები, ეთამაშე და ნურც ყოველდღიური, ჩვეულებრივი ხმაურის შეგეშინდება. აი, ღამით კი სულ სხვა გარემო შეუქმენი:
- შუქი დაბლა დაუწიე;
- ელაპარაკე ცოტა და ხმადაბლა;
- ჭამისა და საფენის გამოცვლისთანავე საწოლში ჩააწვინე;
- საფენი მხოლოდ მაშინ გამოუცვალე, თუ ეს ნამდვილად აუცილებელია;
- თავი შეიკავე თამაშისგან.
ძილისწინა რიტუალი
NHS-ის მიხედვით, მარტივი და მშვიდი ძილისწინა რიტუალი ბავშვს მოდუნებასა და დაწყნარებაში ეხმარება. შენი ყოველდღიური რუტინა შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
- აბაზანას;
- სუფთა საფენისა და საღამურის ჩაცმა;
- საწოლში ჩაწვენა და ზღაპრის წაკითხვა;
- ოთახში შუქის ჩაქრობა მყუდრო და მშვიდი გარემოს შესაქმნელად;
- ძილინებისას კოცნა და თბილი ჩახუტება;
- იავნანას ღიღინი;
- კბილების გახეხვა, თუ უკვე ამოსული აქვს.
კარგი იქნება, თუ ასეთ რიტუალს ბავშვის ზრდასთან ერთადაც შეინარჩუნებ. ძილის წინ ზედმეტმა ემოციებმა და აღგზნებამ შეიძლება პატარა ისევ გამოაფხიზლოს, ამიტომ დაძინებამდე დარჩენილი დრო მშვიდ საქმიანობას, თუნდაც წიგნის კითხვას დაუთმე.

მშობლის ძილიც მნიშვნელოვანია
პირველ თვეებში ახალშობილი ღამით ბევრჯერ იღვიძებს, რაც მშობლისთვის საკმაოდ დამღლელია. NHS გირჩევს, თავადაც წაუძინო მაშინ, როცა ბავშვს სძინავს, ხოლო ღამის კვება თუ საფენის გამოცვლა პარტნიორთან გაინაწილო. თუ ბავშვს მარტო უვლი, ნუ მოგერიდება და სთხოვე მეგობარს ან ნათესავს, რამდენიმე დღით შენთან დარჩეს დასახმარებლად.
უსაფრთხო ძილი ჩვილისთვის
ქვემოთ მოცემული წესები ჩვილის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის შესამცირებლადაა შექმნილი. AAP-ის ეს რეკომენდაციები 1 წლამდე ასაკის ბავშვებს ეხება. NHS კი დამატებით განმარტავს, რომ დღენაკლული პატარების შემთხვევაში ეს წესები დაბადების დღიდან კი არა, მშობიარობის სავარაუდო თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაიცვა.
მუცელზე თუ ზურგზე?
- ჩვილი ყოველთვის ზურგზე დააწვინე — როგორც ღამით, ისე დღის ძილის დროს (NHS, AAP). AAP-ის თანახმად, გვერდზე წოლა ისეთივე სახიფათოა, როგორიც მუცელზე;
- NHS გირჩევს, პატარა საწოლში ისე მოათავსო, რომ ფეხებით საწოლის ქვედა კიდეს ეხებოდეს (feet-to-foot პრინციპი);
- თუ ძილში ჩვილი მუცელზე გადაბრუნდა, ფრთხილად ისევ ზურგზე გადმოაბრუნე. თუმცა, როცა უკვე დამოუკიდებლად ისწავლის ორივე მხარეს გადაბრუნებას, გადმობრუნება აღარ სჭირდება — მთავარია, საწოლში ზედმეტი ნივთები არ ეწყოს.
სად და რაზე უნდა ეძინოს
- ბავშვს უნდა ეძინოს საკუთარ საწოლში, ოღონდ შენთან ერთ ოთახში, მინიმუმ პირველი 6 თვის განმავლობაში (NHS, AAP). AAP-ის მონაცემებით, ოთახის გაზიარება SIDS-ის რისკს 50%-მდე ამცირებს;
- მყარ, ბრტყელ ლეიბზე. AAP-ის მიხედვით, 10 გრადუსზე მეტად დახრილი ზედაპირი უსაფრთხო არ არის. ლეიბის შერჩევაზე იხილე როგორ შევარჩიოთ მატრასი;
- ბავშვის საწოლში არ უნდა იდოს ბალიში, საბანი, საწოლის რბილი დამცავი ბამპერი, ფუმფულა სათამაშო, ჩვილის ბუდე ან პოდი;
- თუ პატარას მანქანის სავარძელში, ეტლში ან საქანელაში ჩაეძინა, რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანე მყარ ზედაპირზე და ზურგზე დააწვინე (AAP).
რას უნდა ერიდო
- ჩვილთან ერთად დივანზე ან სავარძელში არ დაიძინო. AAP-ის მიხედვით, ასეთ დროს რისკი 67-ჯერამდე მეტია;
- AAP საერთოდ არ გირჩევს ბავშვთან ერთ საწოლში ძილს. NHS კი განსაკუთრებით გვაფრთხილებს, რომ ერთ საწოლში არ დაიძინო, თუ პატარა დღენაკლულია (დაბადებულია 37 კვირამდე) ან 2.5 კგ-ზე ნაკლები წონის დაიბადა; ასევე იმ შემთხვევაში, თუ შენ ან შენი პარტნიორი ეწევით, მიიღეთ ალკოჰოლი ან ძილის მომგვრელი მედიკამენტი;
- უარი თქვი თამბაქოს მოწევაზე როგორც ორსულობის დროს, ისე ბავშვის სიახლოვეს (NHS);
- ჩვილი არ უნდა გადახურდეს. NHS ოთახის ტემპერატურად 16–20°C-ს ასახელებს, AAP კი გირჩევს, ჩვილს მხოლოდ ერთი ფენით მეტი ჩააცვა, ვიდრე შენ გაცვია;
- გაითვალისწინე, რომ ჩვილის შეხვევა (swaddle) SIDS-ის რისკს არ ამცირებს. AAP-ის მიხედვით, შეხვეული ბავშვი აუცილებლად ზურგზე უნდა იწვეს, ხოლო როგორც კი გადაბრუნების მცდელობას შეატყობ (რაც, ჩვეულებრივ, 3–4 თვის ასაკში ხდება), შეხვევა უნდა შეწყვიტო.
რაც რისკს ამცირებს
- ძუძუთი კვება, თუკი ამის შესაძლებლობა გაქვს (NHS, AAP);
- საწოვარას მიცემა დღისა და ღამის ძილის წინ. თუმცა, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავ, AAP გირჩევს, საწოვარა მხოლოდ მას შემდეგ შესთავაზო, რაც ლაქტაცია კარგად აეწყობა;
- გეგმიური ვაქცინაციის დროულად ჩატარება (NHS).
მუცელზე წოლა — მხოლოდ ფხიზლად
AAP გირჩევს, ჩვილი ყოველდღე, როცა ფხიზლობს და უფროსი გვერდით ზის, ცოტა ხნით მუცელზე დააწვინო. ეს მოტორულ განვითარებას ეხმარება და კეფის გაბრტყელებას უშლის ხელს.

სკოლის ასაკი და მოზარდები
AASM-ის მიხედვით, 6–12 წლის ბავშვს 9–12 საათი სჭირდება, 13–18 წლის მოზარდს კი 8–10 საათი. საკმარისი ძილი უკეთეს ყურადღებას, ქცევას, სწავლას, მეხსიერებას და ემოციების მართვას უკავშირდება. რეგულარულად ნაკლები ძილი კი ყურადღების, ქცევისა და სწავლის პრობლემებს, ტრავმების, მაღალი წნევის, სიმსუქნის, დიაბეტისა და დეპრესიის რისკს. მოზარდებში უძილობა თვითდაზიანებისა და სუიციდური აზრების რისკის ზრდასაც უკავშირდება.
ამავდროულად, AASM აღნიშნავს, რომ თუ ბავშვს რეგულარულად რეკომენდებულზე გაცილებით მეტი სძინავს, ესეც შეიძლება ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებზე მიანიშნებდეს.

როდის მივმართოთ ექიმს
- თუ ამჩნევ, რომ ბავშვს სისტემატურად ძალიან ცოტა ან უჩვეულოდ ბევრი სძინავს. AASM გირჩევს, ასეთ დროს ექიმს გაესაუბრო, რათა ძილის დარღვევები გამოირიცხოს;
- თუ ძილთან დაკავშირებული სირთულეები დიდხანს გაგრძელდა ან რეჟიმის მოსაწესრიგებლად სპეციალისტის რჩევა გჭირდება (NHS);
- თუ ძილის რეჟიმის ცვლილებას თან ახლავს სიცხე ან ავადმყოფობის სხვა სიმპტომები. ასეთ დროს შეგიძლია იხილო პედიატრის განყოფილება;
- თუ ჩვილი არ სუნთქავს ან არ რეაგირებს, დაუყოვნებლივ დარეკე 112-ზე.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენი უნდა ეძინოს 1 წლის ბავშვს?
AASM-ის მიხედვით, 1–2 წლის პატარას 24 საათის განმავლობაში 11–14 საათი უნდა ეძინოს (დღის ძილის ჩათვლით). NHS კი ნორმად დაახლოებით 12–15 საათს ასახელებს.
შეიძლება ჩვილს მუცელზე ეძინოს?
არა. როგორც NHS, ისე AAP გირჩევს, ჩვილი ყოველი ძილის დროს ზურგზე დააწვინო. მუცელზე დაწვენა მხოლოდ მაშინაა დასაშვები, როცა ბავშვი ფხიზლობს და უფროსის მეთვალყურეობის ქვეშაა.
რამდენი უნდა ეძინოს წლინახევრის ბავშვს?
წლინახევრის პატარა AASM-ის 1–2 წლის ასაკობრივ ჯგუფში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ დღე-ღამეში (24 საათში) 11–14 საათი ძილი სჭირდება, დღის ძილის ჩათვლით.
რა ტემპერატურა უნდა იყოს ოთახში?
NHS-ის რეკომენდაციით, ჩვილის საძინებელში ტემპერატურა 16–20°C-ის ფარგლებში უნდა იყოს.
ეს სტატია საინფორმაციო ხასიათისაა და არ ცვლის ექიმის ან პედიატრის კონსულტაციას.

