ნოემბრის მიწურულს მაღაზიები და ონლაინპლატფორმები „შავი პარასკევის“ შეთავაზებებით ივსება. მშობლებისთვის ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, საახალწლო საჩუქრები და სათამაშოები შედარებით იაფად მოიმარაგონ. თუმცა, რეალურად, ყველა „ფასდაკლება“ ისეთი მომგებიანი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გაიგე, როდის უწევს შავი პარასკევი 2026 წელს და როგორ იშოპინგო გონივრულად.
სარჩევი
- როდის არის შავი პარასკევი 2026
- რა არის და საიდან მოდის სახელი
- ბიუჯეტი და სია
- როგორ შეამოწმო ფასდაკლება
- ონლაინ თაღლითობა
- სათამაშოების ყიდვა
- ხშირად დასმული კითხვები
როდის არის შავი პარასკევი 2026
შავი პარასკევი ტრადიციულად აშშ-ის მადლიერების დღის (Thanksgiving) მომდევნო პარასკევს იმართება. მადლიერების დღეს ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღნიშნავენ, რაც 2026 წელს 26 ნოემბერს უწევს. შესაბამისად:
- შავი პარასკევი 2026 — 27 ნოემბერი;
- „კიბერ ორშაბათი“ (Cyber Monday) — 30 ნოემბერი.
ვიკიპედიის მიხედვით, ზოგიერთი სავაჭრო ობიექტი აქციებს ორშაბათამდე ან მთელი კვირის განმავლობაში („Cyber Week“) ახანგრძლივებს, ნაწილი კი ფასდაკლებებს უფრო ადრეც იწყებს. ქართულ მაღაზიებში აქციის ხანგრძლივობას თითოეული კომპანია ინდივიდუალურად განსაზღვრავს, ამიტომ სასურველი შეთავაზების ვადები უშუალოდ მათ ვებგვერდზე გადაამოწმე.
რა არის და საიდან მოდის სახელი
ვიკიპედიის ცნობით, აშშ-ში შავი პარასკევი საშობაო შოპინგის სეზონის არაოფიციალურ დასაწყისად და წლის ყველაზე აქტიურ სავაჭრო დღედ მიიჩნევა. თავდაპირველად ეს ტერმინი ფილადელფიის პოლიციამ დაამკვიდრა — ასე უწოდეს მადლიერების დღის მომდევნო პარასკევს, როცა ქალაქის ქუჩებში უჩვეულო ხალხმრავლობა და საცობები იქმნებოდა. მოგვიანებით სახელწოდებას სხვა დატვირთვაც მოუძებნეს: ითვლებოდა, რომ სწორედ ამ დღეს გადადიოდნენ მაღაზიები „წითლიდან“ (ზარალიდან) „შავზე“ (მოგებაზე). დღეს ეს ტრადიცია უკვე მთელ მსოფლიოშია ფეხმოკიდებული.
ბიუჯეტი და სია

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) გირჩევს, შოპინგის დაწყებამდე ჩამოწერო საყიდლების სია და განსაზღვრო ბიუჯეტი. ხარჯებში წვრილმანებიც გაითვალისწინე, მაგალითად, მისალოცი ბარათები და შესაფუთი ქაღალდი. წინასწარ მოინიშნე, ვისთვის რის ჩუქებას აპირებ — შთაგონებისთვის შეგიძლია საახალწლო საჩუქრების გვერდსაც გადახედო. ასეთი მომზადება დაგეხმარება, თავიდან აიცილო დაუგეგმავი ხარჯები და არ შეიძინო ნივთი მხოლოდ იმიტომ, რომ „ფასდაკლებაში იყო“.
როგორ შეამოწმო ფასდაკლება

FTC-ის რეკომენდაციები გონივრული შოპინგისთვის:
- შეადარე ფასები სხვადასხვა მაღაზიაში. წინასწარ ჩაინიშნე ნივთის მოდელი, ზომა და ფერი, რათა ზუსტად იდენტური პროდუქტები შეადარო ერთმანეთს;
- დათვალე საბოლოო ღირებულება: გაითვალისწინე საკურიერო მომსახურებისა და სხვა დამატებითი გადასახადების საფასური;
- ყურადღებით გაეცანი აქციის პირობებს: დარწმუნდი, რომ „დაბალი ფასის“ მისაღებად სხვა, არასაჭირო ნივთის ყიდვას არ გთხოვენ;
- სრულად წაიკითხე პროდუქტის აღწერა: მინაწერები „refurbished“ (აღდგენილი/განახლებული) ან „close-out“ შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ნივთი სრულიად ახალი ან იდეალურ მდგომარეობაში არ არის;
- გადაამოწმე დაბრუნების პირობები: FTC გაფრთხილებს, რომ ფასდაკლებით შეძენილ პროდუქციაზე ხშირად განსხვავებული დაბრუნების წესები მოქმედებს;
- შეინახე ქვითრები და შეკვეთის კოდები.
ონლაინ თაღლითობა
FTC-ის მონაცემებით, წინასადღესასწაულო პერიოდში ყალბი ონლაინმაღაზიების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს:
- არარეალურად დაბალი ფასი, განსაკუთრებით კი ძვირადღირებულ პროდუქციაზე, ხშირად თაღლითობის მანიშნებელია;
- უცნობი მაღაზიის ან გამყიდველის სანდოობის გადასამოწმებლად, საძიებო სისტემაში მის სახელთან ერთად ჩაწერე სიტყვები: „review“, „complaint“, „scam“;
- არასოდეს შეიძინო ნივთი იქ, სადაც თანხის გადახდას მხოლოდ სასაჩუქრე ბარათით, ფულადი გზავნილით ან კრიპტოვალუტით გთხოვენ.
სათამაშოების ყიდვა

აშშ-ის მომხმარებელთა პროდუქციის უსაფრთხოების კომისია (CPSC) მშობლებს ურჩევს:
- შეიძინე მხოლოდ ნაცნობი და სანდო გამყიდველებისგან. ზედმეტად მიმზიდველი ონლაინშეთავაზების უკან შესაძლოა უხარისხო, ყალბი ან ბავშვისთვის საფრთხის შემცველი სათამაშო იმალებოდეს;
- აუცილებლად გაითვალისწინე შეფუთვაზე მითითებული ასაკობრივი შეზღუდვა;
- მოარიდე წვრილი დეტალების მქონე სათამაშოები და პატარა ბურთულები 3 წლამდე პატარებს, ხოლო გაუბერავი ბუშტები — 8 წლამდე ბავშვებს.
სწორი და უსაფრთხო არჩევანის გასაკეთებლად, გადახედე ჩვენს სტატიას: ხარისხიანი სათამაშოები ბავშვებისთვის.
ხშირად დასმული კითხვები
როდის არის შავი პარასკევი 2026 წელს?
2026 წელს შავი პარასკევი 27 ნოემბერს უწევს, კიბერ ორშაბათი კი — 30 ნოემბერს.
როდემდე გრძელდება შავი პარასკევი?
თავად დღე ერთია, მაგრამ ბევრი მაღაზია ფასდაკლებას ორშაბათამდე ან მთელი კვირით აგრძელებს. ვადა თითოეულ მაღაზიაში გადაამოწმე.
რატომ ჰქვია „შავი“?
ვიკიპედიის მიხედვით, თავდაპირველად ეს სახელი ფილადელფიის პოლიციამ ქუჩებში შექმნილი საცობებისა და ხალხმრავლობის აღსანიშნავად გამოიყენა. მოგვიანებით კი ტერმინი მაღაზიების ფინანსურ წარმატებასა და „შავ“ მოგებაზე გასვლას დაუკავშირეს.







