🔗 www.shvilebi.ge
9 თვე › ორსულობა

ორსულობის ეტაპები და მნიშვნელოვანი ცვლილებები

ორსულობა ქალის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპია. ამ პერიოდში თქვენს სხეულში არაერთი ფიზიოლოგიური, ემოციური და ფსიქოლოგიური ცვლილება მიმდინარეობს. ორსულობა სამ ტრიმესტრად იყოფა, რომელთა განმავლობაშიც ნაყოფი თანდათან ვითარდება და იზრდება.

გთავაზობთ მიმოხილვას, თუ რა გზას გადიხართ და რა ძირითადი ცვლილებები ახასიათებს თითოეულ ტრიმესტრს.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი

პირველი ტრიმესტრი ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყება და 13 კვირა და 6 დღე გრძელდება. სწორედ ამ დროს ყალიბდება ჩანასახი და იწყება მისი ორგანოების განვითარება. პირველი ტრიმესტრის განმავლობაში შესაძლოა შენიშნოთ შემდეგი ნიშნები:

ხელისგულებზე მოთავსებული პატარა ყლორტი — ორსულობის პირველი ტრიმესტრი
პირველი ტრიმესტრი ორსულობის საწყისი ეტაპია.
  • მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა
  • მკერდის მგრძნობელობის მომატება და გადიდება
  • საერთო სისუსტე, დაღლილობა და მომატებული ძილიანობა
  • გულისრევა და ღებინება (რაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება გამოვლინდეს)
  • გახშირებული შარდვა

ამ ეტაპზე ნაყოფი სწრაფად იზრდება და ვითარდება. მე-12 კვირისთვის მისი სიგრძე დაახლოებით 5 სანტიმეტრია – ის ზომით პატარა ლიმონს ან ქლიავს შეესაბამება.

ორსულობის მეორე ტრიმესტრი

მეორე ტრიმესტრი 14 კვირიდან იწყება და მისი დასასრულია 27 კვირა და 6 დღე. ამ პერიოდში ბევრი უსიამოვნო სიმპტომი, რომელიც პირველ ტრიმესტრში გაწუხებდათ, სუსტდება ან სრულად ქრება. ამ ეტაპზე შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ცვლილებები:

ორსული ქალი ყვავილებიან მდელოზე — ორსულობის მეორე ტრიმესტრი
მეორე ტრიმესტრში მუცელი უფრო შესამჩნევი ხდება.
  • მუცლის შესამჩნევი ზრდა და ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება
  • გულისრევისა და ღებინების შემსუბუქება
  • მადის მომატება
  • ენერგიის მომატება
  • ფეხების მსუბუქი შეშუპება, განსაკუთრებით დღის ბოლოს (თუმცა სახის, ხელების ან ფეხების უეცარი შეშუპების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს)
  • მუცლის არეში კანის დაჭიმვით გამოწვეული ქავილი

26–27-ე კვირაზე ნაყოფის სიგრძე (თავიდან ქუსლამდე) დაახლოებით 35–37 სანტიმეტრს აღწევს, წონა კი დაახლოებით 900 გრამია.

ორსულობის მესამე ტრიმესტრი

მესამე ტრიმესტრი 28-ე კვირიდან იწყება და მშობიარობამდე გრძელდება. ამ პერიოდში ნაყოფი განაგრძობს ზრდა-განვითარებას და დაბადებისთვის ემზადება. თქვენს ორგანიზმში კი შეიძლება თავი იჩინოს შემდეგმა ცვლილებებმა:

ორსული ქალი სავარძელში ზის, მუცელზე კი პარტნიორის ხელი უდევს — ორსულობის მესამე ტრიმესტრი
მესამე ტრიმესტრი მშობიარობისთვის მზადების პერიოდია.
  • ნაყოფის მოძრაობის გააქტიურება
  • მუცლის ინტენსიური ზრდა
  • გახშირებული შარდვა, რასაც ნაყოფის მიერ შარდის ბუშტზე ზეწოლა იწვევს
  • წელისა და ზურგის ტკივილი ან დისკომფორტი
  • ძილის გართულება
  • სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), რაც დიაფრაგმაზე გაზრდილი ნაყოფის ზეწოლითაა განპირობებული

28-ე კვირის შემდეგ რეკომენდებულია გვერდზე წოლა და არა ზურგზე ძილი – კვლევების თანახმად, ამ ვადაზე ზურგზე წოლით ძილი მკვდრადშობადობის რისკის ზრდას უკავშირდება.

მესამე ტრიმესტრის მიწურულს ნაყოფი უკვე მზადაა დაბადებისთვის. ახალშობილის ნორმალური წონა, როგორც წესი, 2,5-დან 4 კილოგრამამდე მერყეობს.

ორსულობის დროს მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები

ორსულობის განმავლობაში ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური გარდაქმნები ხდება, რაც აუცილებელია ორსულობის ჯანსაღი მიმდინარეობისა და ნაყოფის სრულფასოვანი განვითარებისთვის. ეს ცვლილებები მოიცავს:

  • ჰორმონალურ გარდაქმნებს – პროგესტერონისა და ესტროგენის დონის მატებას
  • სისხლის მოცულობის გაზრდასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადაპტაციას
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ცვლილებებს – ყაბზობას (შეკრულობას), ბუასილს (ჰემოროის) და გულძმარვას (მომატებულ მჟავიანობას)
  • სასუნთქი სისტემის ცვლილებებს – სუნთქვის გახშირებასა და ჟანგბადზე მოთხოვნილების ზრდას
  • შარდ-სასქესო სისტემის ცვლილებებს – თირკმელების დატვირთვის მატებას, გახშირებულ შარდვასა და საშვილოსნოს ზრდას
  • ძვალ-კუნთოვანი და სახსროვანი სისტემის ცვლილებებს – სახსრების მოძრაობის დიაპაზონის გაზრდასა და ზურგის ტკივილს

ყველა ეს პროცესი სრულიად ბუნებრივია და ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას ემსახურება.

ემოციური და ფსიქოლოგიური ცვლილებები ორსულობის პერიოდში

ფიზიკურ გარდაქმნებთან ერთად, ორსულობისას იცვლება ქალის ემოციური და ფსიქოლოგიური ფონიც. ჰორმონალურმა ძვრებმა, სხეულის ცვლილებამ და დედობისთვის მზადებამ შესაძლოა გამოიწვიოს:

ორსული ქალი იოგას ხალიჩაზე მშვიდად სუნთქავს — ემოციური ცვლილებები ორსულობისას
მშვიდი სუნთქვა და დასვენება ემოციური წონასწორობის შენარჩუნებას ეხმარება.
  • განწყობის ცვალებადობა – ხასიათის უეცარი ცვლილება და მომატებული გაღიზიანებადობა
  • დეპრესია ან შფოთვა – მომავლის შიში, ღელვა ორსულობის მიმდინარეობასა და მშობიარობაზე
  • მომატებული ემოციური მგრძნობელობა – გულჩვილობა, ცრემლიანობა და სენტიმენტალურობა
  • ლიბიდოს ცვლილება – სქესობრივი ლტოლვის მომატება ან დაქვეითება
  • კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუარესება – ე.წ. „ორსულის ტვინი“

განწყობის ცვალებადობა ორსულობისას ხშირი მოვლენაა. თუმცა, თუ თავს მუდმივად დათრგუნულად, დეპრესიულად ან შფოთიანად გრძნობთ, ეს „ნორმად“ არ უნდა ჩათვალოთ – აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან დეპრესია და შფოთვა ორსულობის დროსაც ექვემდებარება მკურნალობას. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერაც.

გახსოვდეთ, ყველა ორსულობა ინდივიდუალურია: სიმპტომები და მათი სიმძაფრე ყველა ქალთან სხვადასხვაგვარად ვლინდება. ნებისმიერი კითხვის ან ეჭვის შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

ხშირად დასმული კითხვები

  1. როგორ მოვიქცე, თუ ორსულობის დროს თავს შეუძლოდ ვგრძნობ?

    თუ ორსულობისას თავს ცუდად გრძნობთ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ის გირჩევთ, როგორ შეიმსუბუქოთ მდგომარეობა, ან საჭიროებისამებრ დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს. ეცადეთ, საკმარისად დაისვენოთ და მოერიდოთ სტრესულ გარემოს. ხოლო თუ შენიშნავთ ქვემოთ, ბლოკში „როდის მიმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ“ ჩამოთვლილ რომელიმე სიმპტომს, ნუ დაყოვნდებით – დარეკეთ 112-ზე.

  2. რა სიხშირით უნდა მივიდე ექიმთან კონსულტაციაზე ორსულობის დროს?

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ორსულობის განმავლობაში სულ მცირე 8 ანტენატალურ ვიზიტს უწევს რეკომენდაციას: პირველი ვიზიტი სასურველია ორსულობის პირველ 12 კვირაში დაიგეგმოს, მომდევნო ვიზიტები კი – დაახლოებით მე-20, 26-ე, 30-ე, 34-ე, 36-ე, 38-ე და მე-40 კვირებზე. ვიზიტების ზუსტ განრიგს თქვენი ექიმი შეადგენს ორსულობის მიმდინარეობის გათვალისწინებით.

  3. როგორ ვიკვებო ორსულობის პერიოდში?

    ორსულობის დროს მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დაბალანსებული კვება. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით ცილა, ხილი, ბოსტნეული და პასტერიზებული რძის პროდუქტები. მოერიდეთ ალკოჰოლს, უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი, ღვიძლი და მისი პროდუქტები, ასევე არაპასტერიზებული რძის ნაწარმი; შეზღუდეთ კოფეინის (ყავა, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები) მიღებაც. კონკრეტულ პროდუქტებთან დაკავშირებით კონსულტაცია თქვენს ექიმთან გაიარეთ.

როდის მიმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ

  • სისხლიანი გამონადენი საშოდან (განსაკუთრებით მაშინ, თუ თან ახლავს ტკივილი, სიცხე ან შემცივნება)
  • ძლიერი ან მზარდი ტკივილი მუცლის ან მენჯის არეში; ორსულობის ადრეულ ვადაზე — ცალმხრივი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან მხრის წვერის ტკივილი (რაც შესაძლოა საშვილოსნოსგარე ორსულობის ნიშანი იყოს)
  • ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა (დაბინდვა, გაორება), სახის, ხელების ან ფეხების უეცარი შეშუპება
  • სხეულის ტემპერატურის მატება 38°C-ზე მეტად ან შემცივნება
  • საშოდან წყლისებრი, თხევადი გამონადენი
  • ნაყოფის მოძრაობის შესუსტება ან შეწყვეტა
  • ხშირი ღებინება, როდესაც ორგანიზმი სითხესა და საკვებს ვერ იკავებს
  • ფეხის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს სიწითლე და შეშუპება
  • გონების დაკარგვა (გულის წასვლა), ან ფიქრები საკუთარი თავისა თუ სხვისთვის ზიანის მიყენებაზე

გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე ან მიმართეთ უახლოეს სამშობიარო სახლს / კლინიკას.

მსგავსი სტატიები

ორსულობის შესახებ ყველა სტატია იხილეთ ერთ გვერდზე: 9 თვე: ორსულობა დაგეგმვიდან მშობიარობის შემდგომ პერიოდამდე.

წყაროები

ეს სტატია საინფორმაციო ხასიათისაა და ექიმის კონსულტაციას არ ცვლის. ბოლო განახლება: ოქტომბერი 2026.

დატოვე კომენტარი

შენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. კომენტარი გამოჩნდება დადასტურების შემდეგ.

Scroll to Top