
ატოპიური დერმატიტი, იგივე ატოპიური ეგზემა, კანის მდგომარეობაა, რომლის დროსაც კანი მშრალია, ქავის და შეიძლება დასკდეს. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის (NHS) მიხედვით, ის ყველაზე ხშირად მცირეწლოვან ბავშვებს აქვთ. სრულად განკურნება ვერ ხერხდება, მაგრამ სწორი ყოველდღიური მოვლა გამწვავებებს ბევრად ამსუბუქებს. ბევრ ბავშვს ასაკთან ერთად თავისით უმსუბუქდება.
სარჩევი
- როგორ გამოიყურება
- რა იწვევს გამწვავებას
- ყოველდღიური მოვლა
- რა არ უნდა გააკეთო
- მკურნალობა
- როდის მივმართოთ ექიმს
როგორ გამოიყურება
- მშრალი, მქავანა და ზოგჯერ დამსკდარი კანი;
- ხშირად იდაყვისა და მუხლის მოხრილ ადგილებში და ხელებზე;
- ჩვილებში ხშირად ვხვდებით სახესა და თავის კანზეც;
- ახასიათებს ტალღისებური მიმდინარეობა — პერიოდულად მწვავდება, შემდეგ კი ისევ ცხრება.
ატოპიური დერმატიტი გადამდები არ არის. შენი პატარისგან ის სხვა ბავშვს არ გადაედება.
გაითვალისწინე, რომ გამონაყარს შეიძლება სულ სხვა მიზეზიც ჰქონდეს, მაგალითად, რომელიმე ვირუსული ინფექცია (იხ. ჩუტყვავილა). ამიტომ ზუსტ დიაგნოზს მხოლოდ ექიმი სვამს.
რა იწვევს გამწვავებას
NHS-ის თანახმად, ტრიგერები ბავშვებში განსხვავებულია. ხშირი ტრიგერებია:
- საპონი და სარეცხი საშუალებები;
- გარკვეული ტიპის ქსოვილები;
- შინაური ცხოველები, ოთახის მტვერი, მტვრის ტკიპა და ყვავილის მტვერი;
- სიცხე და ოფლიანობა;
- სხვადასხვა ინფექცია და სტრესი;
- ზოგიერთ ბავშვთან — კონკრეტული საკვები. თუმცა, ექიმთან შეთანხმების გარეშე ბავშვს კვების რაციონს ნუ შეუცვლი.
კარგი იქნება, თუ ჩაინიშნავ, რა დროს უმწვავდება პატარას კანი. ასე ექიმთან ერთად ბევრად მარტივად მიაგნებთ მის კონკრეტულ ტრიგერებს.
ყოველდღიური მოვლა

- ემოლიენტი (დამატენიანებელი) დღეში მინიმუმ ორჯერ, მაშინაც, როცა კანი კარგად გამოიყურება. ემოლიენტი ექიმმა ან ფარმაცევტმა შეგირჩიოს;
- დაბანისას ჩვეულებრივი საპონი ემოლიენტით ჩაანაცვლე. წყლიდან ამოყვანის შემდეგ კანი პირსახოცით ფრთხილად, ნაზი დადება-შეშრობით გაუმშრალე (არ გაუხეხო) და დამატენიანებელი ხელახლა წაუსვი;
- ამყოფე ბავშვი სიგრილეში და ზედმეტად ნუ ჩაფუთნი;
- ფრჩხილები სულ მოკლედ დააჭერი. ჩვილს ძილის წინ შეგიძლია ბამბის ხელთათმანები გაუკეთო, რომ ძილში კანი არ დაიკაწროს;
- თითოეულ ბავშვს საკუთარი ემოლიენტი უნდა ჰქონდეს — ნუ გაუზიარებ მის კრემს სხვას.

რა არ უნდა გააკეთო
- ეცადე, მაქსიმალურად აარიდო ფხანას, რადგან ეს კანს კიდევ უფრო აზიანებს;
- ნუ გამოიყენებ „aqueous cream“ ტიპის კრემებს. NHS-ის რეკომენდაციით, ეგზემის დროს მათ უნდა მოერიდო;
- ექიმთან კონსულტაციის გარეშე ბავშვს დიეტას ნუ შეუცვლი;
- განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინე ცეცხლთან! ემოლიენტით გაჟღენთილი ქსოვილი (იქნება ეს ტანსაცმელი თუ თეთრეული) ადვილად აალებადია. ამიტომ მოარიდე პატარა ღია ცეცხლს, ბუხარსა და ანთებულ სანთელს.
მკურნალობა
NHS-ის თანახმად, ეგზემის მართვის მთავარი საყრდენი სწორედ ემოლიენტებია. თუმცა, გამწვავების პერიოდში ექიმმა შესაძლოა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული კრემი ან მალამო დაგინიშნოს. გახსოვდეს, სტეროიდული საშუალება მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციით და მათ მიერ მითითებული წესით უნდა გამოიყენო. მსუბუქ შემთხვევებში რჩევისთვის შეგიძლია პირდაპირ ფარმაცევტსაც მიმართო.

როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმე ვიზიტი პედიატრთან, თუ:
- ეჭვობ, რომ ბავშვს ეგზემა აქვს, მაგრამ დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ;
- ყოველდღიური მოვლა და დამატენიანებლები შედეგს არ იძლევა;
- ქავილი ბავშვს ძილს უშლის.
სასწრაფოდ (იმავე დღეს) აჩვენე ბავშვი ექიმს, თუ ეგზემის ადგილას:
- გაჩნდა ბუშტუკები, ქერქი ან სითხე/ჩირქი;
- კანი მტკივნეული ან ცხელია;
- მდგომარეობა თვალსა და ხელს შუა უარესდება;
- პატარას სიცხე აქვს ან ზოგადად შეუძლოდ გამოიყურება (იხ. სიცხე ბავშვთან).
ეს სიმპტომები შესაძლოა კანის ინფექციაზე მიუთითებდეს — მათ შორის ჰერპესულ ინფექციაზე (eczema herpeticum), რომელსაც დაუყოვნებლივ სჭირდება მკურნალობა.
თუ ბავშვი ძალიან მძიმედ არის, სუნთქვა უჭირს ან უჩვეულოდ მოდუნებულია, მაშინვე დარეკე 112-ზე.
გაფრთხილება: ეს სტატია ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მკურნალობის, მედიკამენტებისა და დოზირების შესახებ ყოველთვის გაიარე კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკე 112-ზე.







