როგორც კი ოქტომბრის ბოლო ახლოვდება, მაღაზიის ვიტრინები გოგრებითა და ფერადი კოსტიუმებით ივსება, შენი პატარა კი ინტერესით გეკითხება: რა არის ჰელოუინი? ამ სტატიაში მარტივად და მოკლედ მოგიყვები, როდის აღინიშნება ეს დღე, საიდან იღებს სათავეს და რა აკავშირებს ქრისტიანულ დღესასწაულებთან. სტატიის ბოლოს კი ამერიკის პედიატრიის აკადემიის (AAP) რეკომენდაციებსაც გაგიზიარებ, რათა ბავშვებთან ერთად მშვიდად და უსაფრთხოდ იმხიარულო. სტატიაში მოყვანილი ისტორიული ცნობები ენციკლოპედია Britannica-ს ეყრდნობა.
სარჩევი
- რა არის ჰელოუინი და როდის აღინიშნება
- ჰელოუინის ისტორია
- ჰელოუინი და ქრისტიანობა
- ტრადიციები: გოგრა, კოსტიუმები, „trick or treat“
- ჰელოუინი ბავშვებისთვის: უსაფრთხოების რჩევები
- ტკბილეული და ალერგია
- ხშირად დასმული კითხვები
რა არის ჰელოუინი და როდის აღინიშნება
ჰელოუინს ყოველ წელს 31 ოქტომბერს აღნიშნავენ. როგორც Britannica განმარტავს, დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში ეს ყოვლადწმიდათა დღესასწაულის (All Saints, იგივე All Hallows) წინა საღამოა. თვითონ სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის — All Hallows’ Eve. დღესდღეობით ევროპის დიდ ნაწილსა და ჩრდილოეთ ამერიკის უმეტეს მხარეში ჰელოუინი უმეტესად არარელიგიური, სახალისო დღესასწაულია, რომელსაც წვეულებებით, კოსტიუმებით, გამოჭრილი გოგრებითა და ე.წ. „trick or treat“-ით ხვდებიან.
დასავლურ ქრისტიანულ ტრადიციაში ჰელოუინით იწყება სამდღიანი პერიოდი, რომელიც მიცვალებულთა გახსენებას ეძღვნება:
- 31 ოქტომბერი — ყოვლადწმიდათა წინა საღამო (ჰელოუინი);
- 1 ნოემბერი — ყოვლადწმიდათა დღე;
- 2 ნოემბერი — მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღე (All Souls’ Day).
ჰელოუინის ისტორია
Britannica-ს ცნობით, ჰელოუინის ფესვები ნაწილობრივ ძველი ირლანდიელი კელტების დღესასწაულს, სამჰეინს (Samhain) უკავშირდება. კელტებისთვის ეს ახალი წლის დასაწყისი იყო და დაახლოებით დღევანდელ 1 ნოემბერს ემთხვეოდა. სწორედ ამ დროს დგებოდა ზამთრის სეზონი და საქონელს საძოვრებიდან აბრუნებდნენ. ძველი რწმენით, სამჰეინის წინა ღამეს ცოცხალთა და გარდაცვლილთა სამყაროებს შორის საზღვარი ქრებოდა.
ამ ღამეს ადამიანები ბორცვებზე კოცონს აჩაღებდნენ, ზოგჯერ კი ნიღბებს იკეთებდნენ და თავს ინიღბავდნენ, რათა სულებს ვერ ეცნოთ. სწორედ ასე დაუკავშირდა ამ თარიღს ჯადოქრების, ფერიებისა და სხვა ზღაპრული არსებების თემატიკა.
ამავე დროს, Britannica ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჰელოუინი ძირითადად შუა საუკუნეების ქრისტიანული მიცვალებულთა დღესასწაულებიდან — მათ შორის ყოვლადწმიდათა დღიდან — ჩამოყალიბდა. XIX საუკუნის შუა პერიოდიდან აშშ-ში ჩასულმა ემიგრანტებმა, განსაკუთრებით ირლანდიელებმა, თან ჰელოუინის ტრადიციებიც ჩაიტანეს. უკვე XX საუკუნეში კი ის ამერიკის ერთ-ერთ მთავარ და განსაკუთრებით ბავშვებისთვის საყვარელ დღესასწაულად იქცა.

ჰელოუინი და ქრისტიანობა
ბევრს აინტერესებს, ითვლება თუ არა ჰელოუინი ქრისტიანულ დღესასწაულად. Britannica ამ კითხვას ასე პასუხობს: ჰელოუინი ქრისტიანობიდან არ წარმოშობილა. მან განვითარება სამჰეინიდან დაიწყო, მოგვიანებით კი ყოვლადწმიდათა წინა საღამოს ქრისტიანულ ტრადიციებს შეერწყა.
- VII საუკუნეში პაპმა ბონიფაციუს IV-მ ყოვლადწმიდათა დღე დააწესა, რომელსაც თავიდან 13 მაისს აღნიშნავდნენ;
- VIII საუკუნეში პაპმა გრიგოლ III-მ დღესასწაული 1 ნოემბერზე გადმოიტანა;
- რეფორმაციის შემდეგ პროტესტანტებთან ეს რელიგიური დღესასწაული თითქმის გაქრა, თუმცა ბრიტანეთში ჰელოუინმა არსებობა საერო დღესასწაულის სახით განაგრძო.
ზემოთ ჩამოთვლილი თარიღები დასავლურ ქრისტიანულ ტრადიციას უკავშირდება. თუ ოჯახში ამ საკითხზე რელიგიური კუთხით კითხვები გიჩნდება, ყველაზე სწორი იქნება, რჩევისთვის საკუთარ მოძღვარს მიმართო.
ტრადიციები: გოგრა, კოსტიუმები, „trick or treat“
გამოჭრილი გოგრა (jack-o’-lantern)
ჰელოუინის ყველაზე ცნობილი სიმბოლო გულამოღებული გოგრაა, რომელსაც სახის ნაკვთები აქვს ამოჭრილი და შიგნით სანთელი უნთია. Britannica-ს თანახმად, ეს ჩვეულება ბრიტანეთის კუნძულებზე დაიბადა, ოღონდ იქ გოგრის ნაცვლად დიდ თალგამს ან სხვა ბოსტნეულს იყენებდნენ. ირლანდიურ ფოლკლორში კი ეს სიმბოლო „ძუნწი ჯეკის“ (Stingy Jack) ლეგენდას უკავშირდება.

კოსტიუმები
როგორც Britannica წერს, კოსტიუმების ჩაცმის ტრადიცია შეიძლება როგორც ძველ ირლანდიურ, ისე შუა საუკუნეების ჩვეულებებს უკავშირდებოდეს. დღესდღეობით არჩევანი მხოლოდ საშიში პერსონაჟებით აღარ შემოიფარგლება — პატარები სიამოვნებით ირგებენ სუპერგმირების, ცხოველებისა თუ საყვარელი გმირების ფორმებს.
„Trick or treat“
ამ დღეს კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები კარდაკარ დადიან და ტკბილეულს აგროვებენ. Britannica-ს მიხედვით, ეს ჩვეულება, სავარაუდოდ, ძველი ბრიტანული ტრადიციიდან მოდის, როდესაც ღარიბებს საკვებს — ე.წ. „სულის ნამცხვრებს“ (soul cakes) — ურიგებდნენ. 1947 წლიდან კი, UNICEF-ის კამპანიის ფარგლებში, ამერიკელი ბავშვები ტკბილეულის ნაცვლად გაჭირვებული თანატოლების დასახმარებლად შემოწირულობასაც აგროვებენ.
ვაშლის თამაში და შავი კატა
ჰელოუინის წვეულებებზე ხშირად შეხვდები ასეთ სახალისო თამაშს: წყლით სავსე ჭურჭელში ვაშლები დაცურავს, მოთამაშემ კი ერთ-ერთი მათგანი ხელების დაუხმარებლად, მხოლოდ კბილებით უნდა დაიჭიროს. რაც შეეხება შავ კატასთან დაკავშირებულ ცრურწმენას, ის შუა საუკუნეების ევროპული ფოლკლორიდან იღებს სათავეს. თუმცა სხვა ქვეყნებში, მაგალითად, შოტლანდიასა და იაპონიაში, შავი კატა შეიძლება პირიქით — წარმატების მომტან სიმბოლოდ მიიჩნეოდეს.
ჰელოუინი ბავშვებისთვის: უსაფრთხოების რჩევები
AAP გვაფრთხილებს, რომ ჰელოუინის ღამეს ქვეითად მოსიარულე ბავშვებს ავარია უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე წლის ნებისმიერ სხვა ღამეს. სწორედ ამიტომ, სჯობს თადარიგი წინასწარ დაიჭირო.
კოსტიუმი
- კოსტიუმიცა და ფეხსაცმელიც ბავშვს ზუსტად უნდა ერგებოდეს. სამოსი არ უნდა იყოს ზედმეტად გრძელი, რომ სიარულისას პატარას ფეხი არ წამოედოს;
- ნიღბის ნაცვლად უმჯობესია არატოქსიკური საღებავი (მაკიაჟი) ან ქუდი შეურჩიო. მაკიაჟი წინასწარ კანის პატარა მონაკვეთზე მოსინჯე, ქუდი კი ისე მოარგე, რომ თვალებზე არ ჩამოეფაროს;
- ნუ მისცემ ბავშვს ბასრ ან გრძელ ხმალს, ჯოხსა და მსგავს აქსესუარებს;
- აარჩიე ნათელი ფერები და დაამატე ამრეკლავი ლენტი კოსტიუმზე და ჩანთაზე;
- კოსტიუმის, პარიკისა და სხვა აქსესუარების ეტიკეტზე აუცილებლად მოძებნე წარწერა „flame resistant“ (ცეცხლგამძლე);
- დეკორატიული კონტაქტური ლინზები მხოლოდ თვალის ექიმთან კონსულტაციისა და რეცეპტის მიღების შემდეგ გამოიყენე. არასწორად შერჩეულმა ლინზამ შესაძლოა თვალის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.
ქუჩაში
- პატარა ბავშვს ქუჩაში ყოველთვის გვერდით გაჰყევი;
- უფროსი ბავშვები ჯგუფურად უნდა გადაადგილდნენ. წინასწარ შეუთანხმდი მარშრუტსა და სახლში დაბრუნების დროზე, სიბნელეში კი ფანარი გაატანე;
- გააფრთხილე, რომ სიარულის დროს ტელეფონით არ გაერთონ;
- ქუჩაზე ჯგუფად და ზებრაზე გადადით. არ გადახვიდეთ გაჩერებულ მანქანებს შორის;
- იარეთ კარგად განათებულ ქუჩებსა და ტროტუარებზე. მიდით მხოლოდ იმ სახლებთან, რომელთა შესასვლელიც განათებულია;
- ბავშვმა მკაფიოდ უნდა იცოდეს, რომ ტკბილეულის სანაცვლოდ არასდროს შევიდეს უცნობი ადამიანის სახლში ან მანქანაში;
- ასწავლე პატარას გადაუდებელი დახმარების ნომერზე დარეკვა — საქართველოში ეს ნომერია 112.
გოგრა სახლში
- უმჯობესია, პატარებმა გოგრა მარკერით მოხატონ, მისი გამოჭრა კი უფროსებს მიანდონ. სამაგიეროდ, ბავშვს შეუძლია გოგრის რბილობისა და თესლის ამოღებაში ხალისით დაგეხმაროს;
- გოგრაში ჩვეულებრივი სანთლის ნაცვლად ელემენტზე მომუშავე სანთელი ან პატარა ფანარი ჩადე;
- თუ მაინც ნამდვილ სანთელს იყენებ, სანთლიანი გოგრა გასასვლელ გზაზე ნუ დადგამ.

ტკბილეული და ალერგია
- სახლში დაბრუნების შემდეგ მოგროვებული ტკბილეული ბავშვთან ერთად გადაარჩიე. გადაყარე ყველაფერი, რაც გაფუჭებული, შეუფუთავი ან საეჭვო მოგეჩვენება;
- სახლიდან გასვლამდე ბავშვი კარგად დააპურე, რათა გზაში ტკბილეულის გასინჯვის სურვილი ნაკლებად გაუჩნდეს;
- თუ ბავშვს კვებითი ალერგია აქვს, ექიმის მიერ დანიშნული გადაუდებელი დახმარების მედიკამენტი (მაგალითად, ეპინეფრინის ავტოინჟექტორი) აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს. მისი გამოყენების წესი თანმხლებმა უფროსმაც კარგად უნდა იცოდეს;
- AAP-ის მიხედვით, ჩვილებსა და პატარა ბავშვებს არ უნდა მისცე მყარი კანფეტი, კარამელიანი ვაშლი, პოპკორნი, საღეჭი რეზინი, წვრილი კანფეტები, ჟელეს კანფეტი, გოგრის თესლი და მთლიანი თხილეული. შეფუთვები, სტიკერები და პატარა სათამაშოებიც დახრჩობის საფრთხეს ქმნის;
- მოგროვებული ტკბილეული რამდენიმე დღეზე გადაანაწილე და მიღების წესებზე ბავშვთან წინასწარ შეთანხმდი.
ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე გაეცანი ჩვენს პედიატრის განყოფილებას, ხოლო შვილებთან ურთიერთობის თემებზე წაიკითხე ბლოგი „მე შვილი“.
ხშირად დასმული კითხვები
როდის არის ჰელოუინი?
ჰელოუინი ყოველ წელს 31 ოქტომბერს აღინიშნება.
რას ნიშნავს სიტყვა „ჰელოუინი“?
სახელწოდება მომდინარეობს გამოთქმიდან All Hallows’ Eve, რაც ყოვლადწმიდათა დღის წინა საღამოს ნიშნავს.
ქრისტიანული დღესასწაულია ჰელოუინი?
Britannica-ს თანახმად, ჰელოუინი ქრისტიანული რელიგიიდან არ წარმოშობილა. მისი საწყისები კელტურ სამჰეინსა და შუა საუკუნეების ქრისტიანულ მიცვალებულთა დღესასწაულებს უკავშირდება, დღეს კი ის ძირითადად საერო დღესასწაულია.
რატომ ჭრიან გოგრას?
ეს ტრადიცია ბრიტანეთის კუნძულებიდან იღებს სათავეს, სადაც თავიდან გოგრის ნაცვლად თალგამს იყენებდნენ. ირლანდიურ ფოლკლორში კი ეს ჩვეულება „ძუნწი ჯეკის“ ლეგენდას უკავშირდება.


