ყველანი შვილები ვართ

  www.shvilebi.ge

უსაფრთხო საღებავები ბავშვებისთვის

ხატვა ბავშვის პირადი შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც მისი ინდივიდუალიზმი გამოიხატება. ხატვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური განვითარებისთვის. პატარა ბავშვებს ხატვის პროცესი უვითარებს წარმოსახვასა და მოტორიკას. მოზრდილი ასაკის ბავშვებს კი სამყაროს და ფერების აღქმა უვითარდებათ. ხატვის დროს გამოხატავენ საკუთარ თავს, ემოციებს და ხშირად სტრესსაც იხსნიან.

შემოქმედებაში პირველი ნაბიჯები ბავშვმა შესაძლოა უკვე 6-7 თვიდან გადადგას. საამისოდ ძალიან კარგია თითების საღებავები. ჩვილს დედასთან ერთად შეუძლია საღებავი ქილიდან ქაღალდზე გადაიტანოს საკუთარი თითების მეშვეობით, ამაში მას დედა უნდა დაეხმაროს. საყურადღებოა ის მომენტი, რომ დედა უნდა ეცადოს ბავშვს ამის გაკეთებაში დაეხმაროს ისე, რომ მისცეს მას აბსოლუტური თავისუფლება. გაგიკვირდებათ, მაგრამ სწორედ თვეებიდან უყალიბდება ბავშვს დამოუკიდებლობის გრძნობა, თუ მას, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას მივცემთ.

საღებავების სახეობები

 

თითების საღებავები

saRebav2

ეს საღებავი ძალიან კარგია 6-7 თვის ასაკიდან. ამ ასაკში ბავშვს ჯერ არ აქვს უნარი, დამოუკიდებლად დაიჭიროს ფანქარი ან ფუნჯი, აი, თითის ქილაში ჩაყოფა კი ნამდვილად შეუძლია და ეს პროცესი მას საკმაოდ დიდ სიამოვნებასაც ანიჭებს.
თითების საღებავები ძირითადად წყლისა და საკვები საღებავისგან შედგება, რომელიც არანაირ ზიანს არ აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი საღებავიან ხელს პირში ჩაიდებს.
ასეთი საღებავით ბავშვს შეუძლია დახატოს არა მხოლოდ ფურცელზე, არამედ მინაზე, ხეზე, კერამიკულ ფილაზე. მისი მოშორება მშობელს ნამდვილად არ გაუჭირდება.

 

აკვარელის საღებავები

 

 ყველა ზრდასრულმა ადამიანმა იცის, როგორ გამოიყენოს აკვარელის საღებავები. ამას ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან. ამ საღებავის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ძალიან მდიდარი ფერთა პალიტრა აქვს.

აკვარელს ძირითადად ხატვის წრეებსა და საბავშვო ბაღებში იყენებენ.

 

გუაშის საღებავები

 

ტექსტურის მიხედვით ეს საღებავი ზეთოვანია. ის იძლევა საშუალებას მხატვრმა შექმნას საკმაოდ სქელი და მდგრადი ფენა. ფერთა გამა საკმაოდ მდიდარია. ამ საღებავის უპირატესობა კი გახლავთ ის, რომ ის შეუძლია თანაბრად წარმატებით გამოიყენოს როგორც ბავშვმა, ისე პროფესიონალმა მხატვარმა.

 

ზეთის საღებავები

 

ეს გახლავთ პასტა ზეთის შემადგენლობით. არის საკმაოდ ბლანტი კონსტინტენციის. ის საკმოდ დიდხანს შრება და იკეთებს დამცავ ფენას. ამ საღებავებით მუშაობის დროს უნდა იცოდეთ, რომ ჯერ გაზავებული საღებავით უნდა ისარგებლოთ, ხოლო შემდეგ შედარებით სქელი მასით.
ზეთის საღებავები სხვადასხვა ხარისხის არსებობს, პროფესიონალურ საღებავებს უკეთესი პიგმენტაცია აქვს, დამწყებთათვის გირჩევთ, ჯერ არაუმეტეს ხუთი ფერით დაიწყოთ ხატვა და ფერთა რაოდენობა ნელ-ნელა გაზარდოთ.
ზეთის საღებავები მაინც იმათთვის არის განკუთვნილი, ვინც ფუნჯს პროფესიონალუარდ ფლობს.

saRebavebi22

აკრილის საღებავები

 

აღნიშნული ტიპის საღებავები ძალიან მსუბუქად მოსახმარია და აქვს ფერთა ძალიან მდიდარი პალიტრა. ის სწრაფად შრება. გაშრობის შემდეგ წყლით არ ირეცხება. აკრილის საღებავს ლაქის გადასმა აღარ სჭირდება.
ამ ტიპის საღებავები საკმაოდ ძვირი ღირს. თავიდან გირჩევთ შეიძინოთ საბაზისო ნაკრები, რომელიც 6 ფერისგან შედგება და პალიტრა თანდათან გაამდიდროთ.
აკრილის საღებავები გამოიყენება ქაღალდზე, მუყაოზე, კერამიკაზე და პლასტმასზე მუშაობის დროს.
საღებავის გასაზავებლად შეიძლება გამოიყენოთ წყალი.

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო და კარგი საღებავები

1. ძალიან მნიშვნელოვანია საღებავის შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყნისა და ბრენდის შესახებ. და აუცილებლად დაინტერესდეთ შემადგენლობით - ბევრი საღებავი შეიცავს ტყვიას და ქინიურ ნივთიერებებს, რაც ბავშვებისთის რასაკვირველია, საკმაოდ სახიფათოა.

2. ასევე მნიშვნელოვანია, რომელ ენაზეა დატანილი ეს ინფორმაცია. რაც მეტი ინფორმაციაა, მით უკეთესი. ნაკლები წარწერა პროდუქტის უხარისხობაზე მეტყველებს.

3. ქილაში მოთავსებული საღებავები ბევრად პრაქტიკული და მოხერხებულია.

4. არ ღირს ისეთი საღებავის ყიდვა, რომლის ფერებიც არ არის ხასხასა.

5. საღებავებს არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი და უსიამოვნო სუნი.

6. საღებავის ხარისხის მთავარი მაჩვენებელი მისი ერთგვარი კონსტინტენციაა. ის არ უნდა იყოს მშრალი და დამსკდარი.

7. მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოთ ერთი ბრენდის საღებავი.

* მონიშნული ველების შევსება აუცილებელია. მადლობა რომ გვსტუმრობთ