შესვლა მშობლებისათვის

close
ბავშვის ადრეული განვითარებაადრეული განვითარების მეთოდიკებიმარია მონტესორი
მარია მონტესორი - "დამეხმარე, რომ მე თვითონ შევძლო ამის გაკეთება"
23.03.09

ამ სიტყვებში ირეკლება სწორედ იტალიაში პირველი ექიმი-ქალის და ცნობილი პედაგოგის მარია მონტესორის პედაგოგიური სისტემის არსი. ამ მეთოდიკამ გაუძლო დროის გამოცდას და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. სამოცდაათი წელი მარია მონტესორის სახელი დავიწყებას იყო მიცემული ჩვენს ქვეყანაში და მოიხსენიებოდა მხოლოდ ისტორიკოსების ნაშრომებსა  და პედაგოგიკაში. ამ დროს  მსოფლიოს სხვა ქვეყნებში- ევროპაში, ამერიკასა და აზიაში იხსნებოდა სამეცნიერო ინსტიტუტები და აკადემიები, სადაც იკვლევდნენ და ახორციელებდნენ მარია მონტესორის ანთროპოლოგიურ, დიდაქტიკურ და პედაგოგიურ იდეებს. მილიონობით ბავშვი წარმატებით სწავლობდა მის სკოლებში.
montessoris_foto.jpgმარია მონტესორიმ  თავისი არაორდინალური ბუნების და შეუპოვარი ხასიათის წყალობით, მიაღწია იმას, რომ გახდა პირველი ექიმი-ქალი თავისი ქვეყნის ისტორიაში. მას მოუწია გონებასუსტი ბავშვების მკურნალობა და იმისათვის, რომ დახმარებოდა თავის პატარა პაციენტებს ადაპტაციაში, შექმნა სპეციალური სკოლა.  იმის გამო, რომ ბევრი მათგანი ძალიან ცუდად ლაპარაკობდა, მარია მონტესორიმ შეიმუშავა წვრილი მოტორიკის განმავითარებელი ვარჯიშების მთელი სისტემა. თავისი დაკვირვებების საფუძველზე მან გამოიყვანა თანამედროვე მეცნიერების მიერ დადასტურებული კანონზომიერება: რაც უფრო სხარტი ხდებოდა ბავშვების თითების მოძრაობა, მით უფრო სწრაფად იწყებდნენ ლაპარაკს ბავშვები, მაგრამ  მათ  მაინც უჭირდათ არა მარტო თავად წარმოეთქვათ სიტყვები, არამედ გაეგოთ სხვათა მეტყველებაც. და მაშინ მარია  მონტესორიმ გამოიგონა უჩვეულო სათამაშო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც პატარები ეცნობოდნენ გარე სამყაროს მათთვის მისაღები მეთოდით – მგრძნობელობით გამოცდილებაზე დაყრდნობით. სულ ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ გონებრივად ჩამორჩენილმა  ბავშვებმა აითვისეს წერა-კითხვა და თვლა-ანგარიში თავიანთ ნორმალურად განვითარებულ თანატოლებზე გაცილებით ადრე.  ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელნი სწავლა-განათლებას იღებდნენ განათლების ტრადიციული სისტემის სკოლებში.
        ასე დაიბადა მამაცი იდეა – განზოგადებულიყო დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება  და შექმნილიყო სწავლების და განვითარების პრინციპულად ახალი სისტემა. ეს იყო მართლაც რევოლუციური გადაწყვეტილება.
        გავიდა 100 წელიწადზე მეტი. მეთოდიკა არა მხოლოდ აღიარეს – ზოგიერთ ქვეყანაში  (იტალიაში, იაპონიასა და გერმანიაში) ის დღესაც  წამყვან მეთოდიკას წარმოადგენს.
        მარია  მონტესორი დაიბადა 1870 წლის 31 აგვისტოს იტალიაში და გარდაიცვალა 1952 წელს  ჰოლანდიაში. ამ ორ თარიღს შორის განთავსდა ფილოსოფიური აზრით გამსჭვალული, უდიდესი პედაგოგიური აღმოჩენებით, გამარჯვებებითა და დანაკარგებით სავსე  ცხოვრების გზა, ბავშვის უფლებების  დაცვის დაუმთავრებელი ბრძოლის გზა. ის გახდა პირველი ექიმი-ქალი იტალიაში, ასისტენტად მუშაობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, კითხულობდა ლექციებს რომის უნივერსიტეტში და მხოლოდ ფილოსოფიის დოქტორის წოდების მიღების შემდეგ დააარსა რომის ერთ-ერთ ღარიბ უბანში “ბავშვის სახლი". 
        bavshvis_saxli.jpgთავის პედაგოგიურ სისტემას მარია მონტესორიმ უწოდა ბავშვის თვითგანვითარების სისტემა დიდაქტიკურად მომზადებულ გარემოში. ბავშვების ქცევაზე დაკვირვებამ მარია მონტესორის საშუალება მისცა აღმოეჩინა  “ყურადღების პოლარიზაციის ფენომენი”. სწორედ აქედან გამომდინარე აკეთებს ის დასკვნებს ბავშვის თავისუფალი თვითგანვითარების  და საგანგებოდ შექმნილ გარემოში მისი მუშაობის ფორმების და ხერხების  შესახებ. მარია მონტესორი თვლიდა, რომ განათლების მისაღებად საკმარისია ისეთი განმავითარებელი გარემოს შექმნა, სადაც დიდაქტიკურ მასალას აირჩევდა არა მასწავლებელი, არამედ თვითონ ბავშვი და თვითონვე გასაზღვრავდა ამ მასალასთან მუშაობის დროს, გააკონტროლებდა თავის შეცდომებს.
მარია მონტესორი ჩატარებული მრავალწლიანი სამუშაოს საფუძველზე აკეთებს მეტად მნიშვნელოვან მეცნიერულ დასკვნას, რომელიც ძალზე აქტუალურია, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე არ გამოიყენება საყოველთაოდ პედაგოგიკაში: “იმისათვის, რომ აღვზარდოთ ბავშვი – უნდა ვიცოდეთ მისი ბუნება, იმისათვის, რომ მისი ბუნება შევისწავლოთ, უნდა ვაკვირდებოდეთ მას, ხოლო იმისათვის, რომ ვაკვირდებოდეთ – უნდა მივცეთ მას თავისუფლება.” 
       და რა სახით უნდა იქნას მოწყობილი ასეთი საგანგებოდ შექმნილი გარემო?
       მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად მარია მონტესორი აკეთებს დასკვნას იმის შესახებ, რომ არსებობს მასალების სრულიად განსაზღვრული  რიცხვი, რაც აბსოლუტურად საკმარისია ბავშვის  კულტურული განვითარებისათვის.  ძირითადი მოთხოვნაა ამ დროს, რომ  ამ გარემოში იყოს ამგვარი მხოლოდ ერთი ნიმუში. ეს არის მასალები ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა გამომუშავებისათვის, სპეციალური მასალები სენსომოტორიკის, მეტყველების, წერა-კითხვის  და მათემატიკური აზროვნების ჩამოყალიბების სფეროდან.  მასალების დიდი ნაწილი  ემსახურება “კოსმოსურ აღზრდას”, სხვა სიტყვებით, თვითშეგნების და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. მომზადებული გარემო ითვალისწინებს ბავშვის მოტორულ მოთხოვნილებებს. ის თითქოსდა უბიძგებს ბავშვს სპონტანური მოქმედებებისკენ,  რომლებიც ავითარებენ და სრულყოფენ  მოძრაობის კოორდინაციას და ყურადღების კონცენტრაციას.  თითქოსდა,  რა არის იმაზე ადვილი ბავშვმა თაროდან აიღოს ლანგარი  წყლით შევსებული მინის  პატარა დოქებით და გადაიტანოს თავის სამუშაო მაგიდაზე.  მაგრამ  სწორედ ამ რამოდენიმე ნაბიჯშია ფოკუსირებული მოძრაობის და ყურადღების განვითარება, რაც შეადგენს ბავშვის თვითგანვითარების საფუძველს.  
        
       mariamontessori.jpgმარია მონტესორი ყოველთვის ეპყრობოდა ბავშვს, როგორც უნიკალურ პიროვნებას, თავისი საკუთარი განვითარების გეგმით, გარესამყაროს ათვისების საკუთარი ვადებითა  და საშუალებებით. მისი მეთოდის ძირითადი არსი მდგომარეობს ბავშვის სტიმულირებაში თვითგანვითარებისკენ. ბავშვი თვითონ ასწავლის საკუთარ თავს. თვითონ ადგენს სასწავლო პროგრამას, თვითონ ირჩევს სახელმძღვანელო საშუალებებს.  აღმზრდელის ამოცანაა დაეხმაროს ბავშვს მისი საქმიანობის ორგანიზაციაში, საკუთარი გზის ძიებაში, შემოქმედებითი პოტენციალის  რეალიზაციაში.  “დამეხმარე, რომ თვითონ შევძლო ამის გაკეთება” – აი მონტესორის პედაგოგიკის მთავარი დევიზი.
       საბავშვო ბაღში ბავშვი ხვდება “მომზადებულ გარემოში” , რომელსაც გააჩნია აღნაგობის მკაფიო ლოგიკა, რომელიც შეესაბამება ბავშვის ფსიქოლოგიურ მოთხოვნებს.  ჩვეულებრივ, მონტესორის ოთახი იყოფა ყურადღების კონცენტრაციის ხუთ ზონად – პრაქტიკული ცხოვრება, სენსორიკა, ენა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველების საფუძვლები. ბავშვი თვითონ ირჩევს როდის და რით დაიკავოს თავი. ყველა ჯგუფისთვის (ძირითადად ეს 3-დან 6 წლამდე ბავშვები არიან) მუშავდება მუშაობის წესები და პატარები თვითონ წყვეტენ, რით უნდათ დაიკავონ თავი  ამ  კონკრეტულ მომენტში.  ჩვეულებისამებრ,  გაკვეთილები გრძელდება საათნახევრის მანძილზე და მიმართულია გრძნობის ყველა ორგანოს განვითარებისკენ.  ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა სენსორული მასალები. მაგალითად, ხაოიანი ასოები ან განსაკუთრებული  ხმაურიანი კოლოფები. სწორედ ასეთი ორიგინალური ნაკეთობები იძლევიან იმის საშუალებას, რომ ბავშვს შეექმნას რაც შეიძლება ფართო წარმოდგენა საგნების სიდიდის, მოცულობის, ფერის და წონის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო ყურადღება მიექცეს  კოლექტივში მუშაობის ფაქტორს. ძირითადი წესები, რომლითაც აქ ხელმძღვანელობენ,_ “გინდა ერთად მუშაობა – შეუთანხმდი შენს ამხანაგს” და “როდესაც გიჭირს – ითხოვე დახმარება და იყავი მადლიერი”.  ეს ის პრინციპებია, რომლებიც ბავშვს ზრდასრულ ასაკშიც გამოადგება.